ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის კვლევის საუკეთესო მაგალითების მიუხედავად, უმნიშვნელოვანესია სტუდენტებისათვის იყოს შესაძლებლობა გავაღოთ ახალი ფანჯარა და ჩვენ მიერვე მოპოვებული მასალის საფუძველზე ახლებური, ღირებული, საინტერესო დასკვნები წარვუდგინოთ სამეცნიერო საზოგადოებას. ვინც ტაო-კლარჯეთში ყოფილა, აუცილებლად დაგვეთანხმება, რომ სულ სხვაგვარად იაზრებს უკვე წაკითხულსა და მანამდე ვირტუალურად წარმოდგენილ უძველეს საქართველოს, რწმუნდება, რომ ჩვენს წინაპრებს საუკუნეების წინ საოცრად დახვეწილი, გამორჩეული კულტურის, ქრისტიანულ ეთიკაზე დაფუძნებული წიგნიერი გარემო ჰქონდათ და ასეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი აღმშენებელი, წიგნიერების ამღორძინებელი, მოღვაწეთა შორის განსაკუთრებული ღვაწლის მქონე - გრიგოლ ხანძთელი იყო. სწორედ ამიტომ მოგვეწონა ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ინიციატივა, წავსულიყავით ექსპედიციაში და თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გაგვემტკიცებინა. შესაბამისად, პროექტს ვუწოდეთ „გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე“. პროექტი დაფინანსდა კავკასიის უნივერსიტეტის შიდა საუნივერსიტეტო გრანტით და 2023 წლის 24 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით, გვქონდა შესაძლებლობა, დაგვეგეგმა ექსპედიცია, მოგვენახულებინა „საქართველოს სინაჲდ წოდებული 12 მონასტერი“; ვაკვირდებოდით და ვშიფრავდით წარწერებს, ვხსნიდით ქარაგმებს; შევისწავლეთ ენობრივი სიტუაცია, გვქონდა საჯარო ლექციები, რომელთა უმეტესობა თავად სტუდენტთა მიერ იყო მომზადებული და უნიკალური გამოცდილება მიიღეს ადგილზე, თითოეულ ტაძართან საუბრისას თუ დისკუსიისას; შთამბეჭდავი იყო ხანძთის მონასტერში სტუდენტთა მიერ „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ტექსტის დეკლარირებით გააცოცხლებული ეპოქა (ამ იდეის მოწოდებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბატონ თემურ ხუციშვილს). გავიცანით არაერთი რესპონდენტი, მაგრამ მათ შორის გამორჩეული რამდენიმე პიროვნება, ვფიქრობ, მთელი ცხოვრების მანძილზე გვემახსოვრება და დავუფასებთ ქვეყნისა და ენის გამორჩეულ სიყვარულს. სპეციალურად მომზადდა დიალექტოლოგიური კითხვარი (შეადგინეს: ჭ. ქირიამ და მ. მანჯგალაძემ), რომლის მიხედვითაც ვცადეთ საველე სამუშაოებისას მასალის ჩაწერა, თუმცა, როგორც ნებისმიერი ექსპედიციისას, მოგვიწია იმპროვიზებული საველე მუშაობა, რომელმაც საკმაოდ საინტერესო შედეგი მოგვცა. თითქმის ყველა მოპოვებული ტექსტი გაციფრებულია და უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებული. იგი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მკვლევრისთვის. ჩვენი ექსპედიცია მულტიდისციპლინური იყო, რომლის შედეგებსაც ავსახავთ სპეციალურ სამეცნიერო კონფერენციაზე და გამოვცემთ ელექტრონულ კრებულს. ექსპედიციაში მონაწილე სტუდენტები შეირჩნენ კონკურსის წესით, სამოტივაციო წერილის საფუძველზე. კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჯგუფის წევრები გახდნენ, ფილოლოგები, ისტორიკოსები და მედიასკოლის წარმომადგენლები: ელენე ჯაფარიძე, ელენე ბერიძე, მარიამ გულისაშვილი, თეკლა სიხარულიძე, სალომე ეზიაშვილი, ლიზი მიქელთაძე, დეა ბაძაღუა, ნანუკა კოხოძე, ნია გელაშვილი. სტუდენტებთან წინასწარ გვქონდა მიზნობრივი სამუშაო შეხვედრები და გავაცანით ექსპედიციის სპეციფიკა, მასალის მოპოვებისა და ჩაწერის ტექნიკა. სპეციალური შეხვედრა დაგეგმა ასოც. პროფესორმა ლევან წიქარიშვილმა უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით და ჰქონდა ძალიან საინტერესო შემეცნებითი ლექცია ტაო-კლარჯეთის შესახებ. მკვლევართა ჯგუფის წევრები იყვნენ: პროფ. ეკა ჩიკვაიძე, ასოც. პროფ. ჭაბუკი ქირია, პროფ. ელისო მაჩიტიძე, ასოც. პროფ. ლევან წიქარიშვილი, პროფ. როინ მალაყმაძე, ისტორიკოსი ნიკა ცხომელიძე, პროფ. ეთერ თათარაიძე და პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფ. მარიამ მანჯგალაძე. ექსპედიციის ყველასგან გამორჩეული წევრი, რა თქმა უნდა, იყო ცნობილი ფოლკლორისტი, პოეტი, პროფ. ეთერ თათარაიძე. მისი ჩვენთან ერთად ყოფნა დღესასწაულის ტოლფასი იყო, მან უნიკალური ცოდნა გაუზიარა სტუდენტებს, შექმნა ლექსების ციკლი ტაო-კლარჯეთზე და შავშეთში, ერთ-ერთ საღამოს, სტუდენტებთან შეხვედრისას, ფოლკლორული კვლევის ნიუანსების გაზიარების შემდეგ, წაგვიკითხა ლექსები, რომელთა მოსმენისა და გააზრებისას ყველა ჩვენგანს ჰქონდა ბედნიერებისა და მადლიერების განცდა. შევქმენით მოკლემეტრაჟიანი დოკ. ფილმი - სახელწოდებით: „ტიფლისს გედეცით სალამი!“ (ავტორები: დეა ბაძაღუა, ნანუკა კოხოძე), რომლის ნახვაც შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. რაც შეეხება ექსპედიციის მასალების ელექტრონული ვერსიის შექმნას, ყველა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ციფრული საძიებო სისტემისა და პროექტის ვებგვერდის შექმნა უზრუნველყო ჩვენივე უნივერსიტეტის ნიჭიერმა სტუდენტმა - ნიკოლოზ ჯორბენაძემ. და ბოლოს, მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის - პროფ. კახა შენგელიას მიმართ, რომელიც გვენდობა და ხელს გვიწყობს განვახორციელოთ უმნიშვნელოვანესი პროექტები. დიდი მადლობა ყველას, ვინც ხელი შეგვიწყო წარმატებით გაგვერთვა თავი დასახული მიზნებისათვის!
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფ. მარიამ მანჯგალაძე